საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებით ვცდილობთ დაგეხმაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში საქართველოს შესახებ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში. აქვე შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია საკონსულო რეგულაციების შესახებ.

საქართველო და სომხეთი გამოირჩევიან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობით. ორ ქვეყანას შორის ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად თბილი  ურთიერთობებია. სომხეთის მაცხოვრებლებისაგან არა ერთხელ მსმენია ძალიან თბილი სიტყვები საქართველოს მისამართით. ბევრი მათგანი მრავალჯერ ნამყოფია საქართველოში და შეუმჩნევია ის სიახლეები, რაც ბოლო წლებში დაინერგა ჩვენს ქვეყანაში წარმატებული რეფორმების გატარების შედეგად.

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, სადაც ღირსეული ადგილი უკავია სომხურ ეთნოსს. ამ უკანასკნელს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნისაღმშენებლობაში. საქართველოში ფუნქციონირებს სომხური ეკლესიები, სომხური თეატრი, სომხურენოვანი გამოცემები, სომხური სკოლები და სხვ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, რომელიც ბიუჯეტიდან აფინანსებს სომხურ საჯარო სკოლებს. ბოლო წლებში, საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები სომხური ეკლესიების  ფუნქციონირებისათვის.

საქართველო ყოველთვის მეგობრულად ხვდება სტუმრებს და, ეს არა მარტო ტურისტებს ეხება, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ სომეხი ბიზნესმენები კომფორტულად მუშაობენ ქართულ ბაზარზე და გულწრფელად კმაყოფილები არიან მათდამი დამოკიდებულებით, როგორც ხელისუფლების, ასევე საქართველოს საზოგადოებრიობის მხრიდან. უსაფრთხო ქვეყნების 2016 წლის რეიტინგში, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული სახელმწიფოს სწორ განვითარებაზე.

საქართველოში შესანიშნავი კლიმატია ინვესტორებისათვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ინვესტიციები არა მარტო სრულიად დაცულია, არამედ ქართული სახელმწიფო აცხადებს მზადყოფნას თანამონაწილეობა მიიღოს ახალი ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებაში. ამაში თქვენ საინვესტიციო ფონდი დაგეხმარებათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სოფლის მეურნეობის სფეროში შემუშავებული პროგრამები, რომლებიც შეღავათიან პირობებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნის საქმეში. საქართველოს სოფლის მეურნეობის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ არაერთი საინტერესო პროგრამა.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ მისასალმებელ სიტყვაში ძნელია სრულად აისახოს ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ. მზად ვართ განვიხილოთ თქვენი შეკითხვები, თუ წინადადებები და გიპასუხოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გულწრფელად გამოვხატავ რა თქვენდამი დიდ პატივისცემას, გეპატიჟებით საქართველოში, სადაც ყოველი შემდგომი ვიზიტისას გეძლევათ შანსი აღმოაჩინოთ ახალი საქართველო.

 

გიორგი საგანელიძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი