საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ მახარობლიშვილმა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთ წელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ვახტანგ მახარობლიშვილმა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთ წელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

27.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და გასული ერთი წელი შეაჯამეს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის, როგორც მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულ მონაპოვარზე.

მან ისაუბრა საქართველოს დ მთავრობის ძალისხმევაზე, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენება. მან დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ამ მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს და საინფორმაციო კამპანიას. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე ხაზი გაუსვა საქართველოს დარგობრივი უწყებების ინტენსიურ თანამშრომლობას როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე წევრ-სახელმწიფოებთან.

„ხვალ, 28 მარტს, სრულდება ერთი წელი, მას შემდეგ რაც შევიდა ძალაში საქართველოსათვის ევროკავშირი/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ამ სიკეთეს აქვს როგორც პოლიტიკური მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. იმ ანგარიშის მიხედვით, რომლიც იქნა წარმოდგენილი დეკემბერში ევროკომისიის მიერ, საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს.“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა მედიასთან საუბრისას.

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა.