საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

8.11.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია.

დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 

ალან დანკანმა კმაყოფილებით აღნიშნა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკა და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ Brexit-ის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და ოპტიმიზმით უყურებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოიქმნება. 

მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რაც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. 

სერ ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით ეს მნიშნელოვანი პროცესია. "უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც თქვენი ქვეყნის დამსახურება და დიდი მიღწევაა" - განაცხადა დანკანმა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვეს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული  ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა. 

შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრებმა საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დიალოგის შემადგენელ 4 სეგმენტზე: პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. 

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. 

პლენარული სხდომის გახსნის შემდგომ, დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, UNESCO-ს მონაწილეობით, მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება. საქართველოს ინიციატივა, რომელსაც მხარი გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა, ხაზს უსვამს ქალთა როლის მნიშვნელობას მშვიდობის კულტურასა და კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.