საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2 დეკემბერს, ქ. პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება

2 დეკემბერს, ქ. პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება

2019 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში, ქ. პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება.


საინაუგურაციო შეხვედრა გაიხსნება პლენარული სხდომით, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი ფრანგი კოლეგა,  ჟან-ივ ლე დრიანი. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ფრანგი მინისტრები   მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილეებს.
 
„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში.   
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა პოლიტიკურ, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე.
 
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან -ივ ლე დრიანთან. მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის დიპლომატიურ მრჩევლებთან.
 
დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ დიალოგს, „დიმიტრი ამილახვრის სახელი“  1942 წელს, ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის პატივსაცემად ეწოდა.


ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას.


დიალოგი გაიმართება წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში.