საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში“ -ვახტანგ მახარობლიშვილი

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში“ -ვახტანგ მახარობლიშვილი

13.02.2020  სტრასბურგი: „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება.  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს  საერთაშორისო დღის წესრიგში“ -ვახტანგ მახარობლიშვილი

მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვროპარლამენტის რეზოლუციის მნიშვნელობაზე, რომელიც ზუსტად ასახავს არსებულ მდგომარეობას და აფასებს სიტუაციის სიმძიმეს როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, წლების მანძილზე, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  ვითარების მკვეთრი გაუარესება ხდება.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი ორივე ოკუპირებულ რეგიონში  მნიშვნელოვან სამხედრო პერსონალს ინარჩუნებს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.  „თითოეულ მათგანში დაახლოებით 4500 სამხედრო და „FSB“-ს 1300 პერსონალია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში  რუსეთის არალეგალური სამხედრო ბაზები თანამედროვე და დახვეწილი შემტევი იარაღითაა აღჭურვილი.  არმიის აღნიშული დივიზიები რეგულარულად მონაწილეობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურ სამხედრო წვრთნებში“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა მცოცავ ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ მუდმივი პროვოკაციების მეშვეობით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებზე; აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების  გახშირება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ეთნიკურად ქართველების უკანონოდ დაკავების, წამებისა და მკვლელობების ფაქტების შესახებ; ასევე ყურადღება გაამახვილა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

ყურადღება ასევე გამახვილდა მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს ეზღუდება კერძო საკუთრებაზე, რელიგიურ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე წვდომა. ხაზი გაესვა გამშვები პუნქტების დახურვით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რაც საოკუპაციო რეჟიმის მანიპულირების კიდევ ერთი იარაღია და ოკუპირებულ რეგიონს სრული იზოლაციისა და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში აქცევს.

მახარობლიშვილის განცხადებით, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები არ არის დაშვებული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი მოკლებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ შესრულების და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის აუცილებლობას.

 „რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა მიმართულია  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევისკენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება.  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს  საერთაშორისო დღის წესრიგში,  ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით ევროკავშირისგან მოვითხოვთ ამ საკითხების განხილვას რუსეთთან“-განაცხადა მახარობლიშვილმა.