საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზებს გლობალური კრიზისების დროს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხში ერთიანი რეგულაციების შემუშავებას

„პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუმყარა ჩვენს მოქალაქეებს ნდობა  სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,  ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, გვაჩვენა, რომ საჭიროა ერთიანი მუშაობა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმთავრესი პრინციპით -  უზენაესი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, თუნდაც სამშობლოსგან შორს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეს იგი“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის - „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების წარდგენის ღონისძიებაზე განაცახადა, რომელიც COVID-19 პანდემიის კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს.

მინისტრის შეფასებით,  ის გამოცდილება, რაც მსოფლიომ პანდემიის პერიოდში მიიღო, საჭიროებს ღრმა ანალიზს, მიღებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და ახლებური მიდგომების დანერგვას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს,  მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს თამამად  შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროს „კარგი პრაქტიკა“ პანდემიის დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირებისა და ამ გზით, მათი უფლებების დაცვის საკითხში. ის  მიდგომები, რაც საქართველომ პანდემიის აფეთქების პერიოდში გამოიყენა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ, რიგ შემთხვევაში, უპრეცედენტოა. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზებს ერთიანი რეგულაციების შემუშავებას, რაც შემდგომში წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას “- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია -  მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა 22,862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 23, 296 თანამემამულეს. თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიზინით 2021 წელს  უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე,  ქვეყნის შიგნით  გასატარებელი ღონისძიებების პარალელურად, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საზრუნავი გახლდათ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გაუთვალისწინებელი სირთულეების წინაშე აღმოჩდნენ.  მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ განესაზღვრა ორი მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით - მოქალაქეთა სამშობლოში რეპატრიაციის პროცესის მართვა და სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარება.

„უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემები არაერთგვაროვანი იყო. სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური კრიტერიუმები (შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები, ორსულები, მცირეწლოვნები, არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, სტიპენდიის გარეშე დარჩენილი სტუდენტები), რომლის მიხედვითაც ხდებოდა მათთვის დახმარების აღმოჩენა - საცხოვრებლით და საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილებაში დახმარება, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის დახმარება, ხშირად, სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებაში. საზღვარგარეთ ავამოქმედეთ  ყველა არსებული რესურსი - საპატიო კონსულების ინსტიტუტი, დიასპორული ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები (ექიმები და ა.შ.), სამრევლოები, კერძო სექტორი და სხვა.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია JPM Strategic Solutions“ - მა 2020 წლის მაისის პირველ ნახევარში ჩაატარა კვლევა საქართველოს მოსახლეობაში, კონცენტრირებულად კი, მოქალაქეთა იმ ნაწილში, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთ მოემსახურა. კვლევის შედეგებში უცხოეთში მყოფი საქართველოს  მოქალაქეები ღიად ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფოს  დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ არსებული გამოწვევების დაძლევას. მინისტრის განცხადებით,  ეს მონაცემი, ისევე როგორც ზოგადად, კვლევის შედეგები, ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომა იყოს საჭირო, დროული და რაც მთავარია, ეფექტიანი.

მინისტრის თქმით, კვლევის დროს მიღებული პასუხებიდან გამომდინარე,  საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ძალიან მაღალი შეფასება კოვიდ-19-ის  პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების რეპატრიაციის და ადგილზე დახმარების კუთხით. მისივე ინფორმაციით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდას. „თანამემამულეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ საკონსულო დაწესებულებებსა და საელჩოებს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ნდობის მაჩვენებელი.“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის შეფასებით, საყურადღებოა, რომ JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოგვიდგენს მოქალაქეთა უკუკავშირს სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის დროს რეპატრიაციის პროცესში გამოყენებულ კიდევ ერთ, ახლებურ მიდგომაზე, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების უზრუნველყოფას საკარანტინე სივრცეებით. „კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი უაღრესად დადებით შეფასებას აძლევს საკარანტინე ზონებით უზრუნველყოფას და იქ არსებულ პირობებსა და მომსახურებას.“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა პირს,  შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და  ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც კრიზისულ პერიოდში მაღალი პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება გამოავლინეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, სოციოლოგიური კვლევის ავტორმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „JPM Strategic Solutions“ ხელმძღვანელმა ჯონ მორეირამ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს კვლევის შედეგები გააცნო და IOM-ის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.