საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"გონივრული იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო ერთგვარი სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნებმა უცხოეთში საკუთარი მოქალაქეები მსგავსი კრიზისების დროს"- ხათუნა თოთლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ხათუნა თოთლაძის განცხადებით, პანდემიის გლობალურმა კრიზისმა ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართალი მეტწილად არაერთმნიშვნელოვანია კრიზისების დროს, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან მიმართებით, სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ. ასევე ბუნდოვანებაა სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ მის ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებით. მისი თქმით, არ არსებობს ყოვლისმომცველი სასამართლო პრაქტიკაც და აუცილებელია, რომ ქვეყნები სამომავლოდ მომზადებულნი იყვნენ იმაზე უკეთ, ვიდრე აღმოჩნდნენ Covid-19-ის პანდემიისათვის, შესაბამისად  გონივრული იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო ერთგვარი სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეები მსგავსი კრიზისების დროს, ეფექტიანი თანამშრომლობის გზით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პანდემიის კრიზისულ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების საკითხზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოხდა.
 
„ყოვლისმომცველი რეგულაციების არარსებობა იყო მოტივატორი იმ პროექტისა, რომლის განხორციელებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტი მოიაზრებს 2021 წლის აპრილ-მაისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს. პროექტის საბოლოო მიზანია გლობალური კრიზისების დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის საერთაშორისო რეგულაციური ჩარჩოს შემუშავება, რისთვისაც კონფერენციის ფარგლებში მიღებულ უნდა იქნას თბილისის დეკლარაცია. დოკუმენტი მომზადდება სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობით, რომელიც შემდგომშიც წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მოხდება ლობირება შესაბამისი რეზოლუციის მიღების მიზნით. კონფერენციის მასპინძლად საქართველო აირჩა, ვინაიდან საქათველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებმა  წარმოუდგენელი შრომა გასწიეს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“- განაცხადა მან.
 
მინისტრის მაოდგილემ აღნიშნა, რომ კრიზისულ სიტუაციებში წინასწარი მზაობის და სისტემატიზებული მიდგომის არსებობა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ეფექტური დახმარების აღმოჩენისა და უარყოფითი შედეგების შესაძლო მინიმუმამდე დავყვანის მიზნით.
„სახელმწიფოების მიერ კრიზისის მენეჯმენტის განსახვავებული სცენარები იქნა გამოყენებული, რომელთა მიზანი იყო საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაცია და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მათი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ძირითადად ეხებოდა ჯანდაცვას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს, კრიზისმა ცხადყო, რომ აღმოცენდა არანაკლები მნიშვნელობის სამართლებრივი პრობლემები. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ძირითადი საჭიროებების  უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გართულდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებასთან ერთად“ - განაცხადა თოთლაძემ.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2018-2019 წლების განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწია კრიზისების მართვის მიმართულებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და ევროკავშირის დახმარებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა და საგარეო საქმეთა მინისტრის  ბრძანებით დამტკიცდა საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი და სახელმძღვანელო. აღნიშნული წესი ეხება და ფუნქციებს აკისრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სრულ შემადგენლობას, კრიზისული სიტუაციების დროს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის მთელი სტრუქტურა. მიუხედავად, სახელმძღვანელოს სახით, წინასწარ გაწერილი სტრატეგიის არსებობისა, პანდემიის არალოკალური ბუნებიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ გლობალური კრიზის დროს მთელი რიგი გართულებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში,  გლობალური პანდემიის დროს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარების, ამ პროცესში გამოყენებული მიდგომების და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ განხორციელებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.