ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე მიხეილ ჯანელიძე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა 


 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე მიხეილ ჯანელიძე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

10.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს.


მინისტრმა აღნიშნა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალ გეგმებზე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.


„როდესაც ვსაუბრობთ სარგებელზე, პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაცია წარმოდგენს არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის, არამედ ასევე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ევროპული სტანდარტების და კანონმდებლობის დანერგვას და ჩვენი ინსტიტუტების ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 


მან დასძინა, რომ ასეთი ტიპის რეფორმები საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დაიწყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და წარმატებული საქმიანობის რეალური შედეგი ხელშესახები საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან გახდება.


მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ პრივილეგიებსა და სარგებელს, რასაც ამ გზაზე განხორციელებული რეფორმები მოუტანს საქართველოს.

 
„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალი სამი წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ევროპა იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი თითოეული თქვენგანისთვის და ასევე იყოს კონკრეტული სარგებლის მომტანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენი მიზანია მომავალი სამი წლის განმავლობაში, ასოცირების ახალი სამოქმედო გეგმით მაქსიმალურად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. გვსურს ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენ ვისწავლეთ ევროპასთან მოლაპარაკება, ახლა გვსურს ვისწავლოთ მათთან მუშაობა. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონალურად წლის განმავლობაში შეხვედრებს შესაბამის სამინისტროებსა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს შორის. გვსურს კიდევ უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან გარკვეული პროექტების განხრით, მათ შორის „Erasmus +"-ის, რომელიც გზას უხსნის ჩვენს სტუდენტებს ეწვიონ ევროპულ უნივერსიტეტებს და ევროპელებს, განათლება მიიღონ საქართველოში. ვმუშაობთ, რომ ამ კუთხით იქნას გახსნილი ახალი შესაძლებლობები, კერძოდ პროფესიული გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, რაც მეტად მჭიდროს გახდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონტაქტებს და ხელმისაწვდომს გახდის ჩვენი სტუდენტებისთვის ევროპულ განათლებას.
ასევე ჩართული ვართ სხვადასხვა პროგრამებში, სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მხრივ და ჩვენი მიზანია, რომ ევროპული ინტეგრაცია გახდეს არა მხოლოდ პოლიტიკური პროექტი, არამედ იქცეს პრაქტიკული სარგებლის მომტან პროექტად. ამასთან თვალსაჩინოა უკვე არსებული პრაქტიკული პროექტები. ჩვენ მრავალი წელია ვიღებთ დიდ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისგან, რაც გვაძლევს საშუალებას გავაძლიეროთ დემოკრატიული, სავაჭრო თუ ეკონომიკური ინსტიტუტები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო მიმართულებები და ყველა ის სექტორი რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფოს გაძლიერებასა და მდგრადობას. ვიღებთ დიდ დახმარებას ბიზნესის მიმართულებით, გახსნილია ევროპული ფინანსური ინსტიტუტები, რათა მოხდეს ევროპული სტანდარტების დანერგვა ქართულ წარმოებაში, რათა მოხდეს ევროპული ბაზრის ათვისება". 


მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაცია, ერთიანი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პროგრამებით დაახლოება, ისევე როგორც სატრანსპორტო, ენერგეტიუკული, სატელეკომუნიკაციო კავშირების კუთხით ინტეგრაცია.

ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში, საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.


ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში  539/2001 რეგულაციის ცვლილება 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა, რითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.


შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიწოდეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგა ტაბატაძემ.


შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ