ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

 

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

30.09.2017 - საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ესტონეთში, ნიდერლანდებში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, სომხეთში,  შვედეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში , ავსტრიასა და ბულგარეთში მონაწილეობა მიიღეს ენების ევროპული დღისადმი მიძღვენის ღონისძიებებში, რომელიც 26 სექტემბერს აღინიშნება. 

ქართული ენისა და ლიტერატურის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩომ ესტონეთის რესპუბლიკაში, მონაწილეობა მიიღო ტალინში ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში „ენების კაფე", რომლის ფარგლებშიც 25 სხვადასხვა ენაზე ჩატარდა  მინი-გაკვეთილები, მათ შორის ქართულ ენაზეც. გაკვეთილების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დამწერლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ მათი მხრიდან გამოიკვეთა ქართული ენის მიმართ დიდი დაინტერესება. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  მონაწილე დიპლომატიური წარმომადგენლობები, მათ შორის საქართველოს საელჩო, ასევე ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობა, ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტები და ტალინის უნივერსიტეტი.
 
ნიდერლანდებში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქართული ენა პირველად ჩაერთო. ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგაში „ევროპის სახლში" ენების ევროპული დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ჰააგაში საელჩოსთან მოქმედმა საკვირაო სკოლამ. აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის აღმზრდელებმა ჰოლანდიელი ბავშვებისთვისაც მოამზადეს ქართულ ენაზე სახალისო თამაშები. საკვირაო სკოლის ქართველმა აღსაზრდელებმა კი ღონისძიებაზე ქართული ენა სხვადსხვა დადგმებით წარმოადგინეს. 
 
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიუბლიანის რამდენიმე საშუალო სკოლაში და  ევროკომისიის წარმომადგენლობაში  ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ანბანის შესახებ.
 
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  გაკეთდა ქართული კუთხე, სადაც დაინტერესებულ პირებს საელჩოს წარმომადგენლები აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ. ღონისძიება მოეწყო  სლოვაკეთის რესპუბლიკაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანაორგანიზებით.
 
ენების ევროპულ დღის აღნიშვნაში ასევე ჩაერთო საქართველოს საელჩო სომხეთში. ერევანში ვალერი ბრიუსოვის სახელობის ენებისა და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში აღინიშნა ენების ევროპული დღე, სადაც გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ენის სწავლება როგორც საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის წინაპირობა." აღნიშნულ უნივერსიტეტში ქართული ენა ისწავლება როგორც მეორე ან მესამე უცხო ენა და მას ამჟამად ეუფლება 25 სტუდენტი.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო აფციაური, რომელმაც ისაუბრა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ენების ევროპული დღის შემოღებასთან დაკავშირებით და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იმართება საქართველოში ამ დღის აღსანიშნავად. ნინო აფციაურმა დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა მოკლე ინფორმაცია სომხეთში ქართველოლოგიისა და საქართველოში არმენოლოგიის მდგომარეობაზე.
 
სტოკჰოლმში, ევროკომისიის წარმომადგენლობაში "ევროპის სახლში" ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენების კაფე" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ენის კუთხეც. ღონისძიებაში მონაწილე 600-მდე მოსწავლეს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ენას, ისტორიასა და კულტურას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილ ენებს შორის, ქართული იყო ერთადერთი, რომელიც არ ეკუთვნის ევროკავშირის ოფიციალურ ენებს. შვედეთში საქართველოს საელჩო აღნიშნულ ღონისძიებაში  მეოთხე წელია მონაწილეობს.
 
ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობაში გაიხსნა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,Georgian Alphabet-Intangible Cultural Heritage of Humanity''. გამოფენა გახსნეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გეორგ ვან დრიმმა. ღონისძიებას დაესწრნენ შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, შვეიცარიის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს ქართული ღვინო.
 
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართვლოს საელჩომ ასევე მიიღო მონაწილეობა ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში - "Speakdating", რომელშიც 23 სხვა ენასთან ერთად ქართლიც იყო წარმოდგენილი. სტუმრებს ჩაუტარდათ შესაბამისი ენების ხუთწუთიანი გაკვეთილები. აღსანიშნავია, რომ „Speak-dating"-ის განმავლობაში ქართული ენა დიდი დაინტერესებით სარგებლობდა.

იტალიაში ენების ევროპული დღე ქ. რომის საბავშვო მუზეუმში „ექსპლორში" მოეწყო. საქართველოს საელჩომ ბავშვებს ქართული ენისა და თექის ლაბორატორია შესთავაზა. ლაბორატორია რომში არსებული თექის სახელოსნომ ''მწყემსის სახლმა'' მოაწყო: ბავშვებმა ტრადიციული ქართული თექის ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, პატარებისათვის მოეწყო სამკითხველო, სადაც საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სოფო ქარცივაძემ ბავშვებს გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი ''პატარა დინოზავრი'' წაუკითხა. კითხვის პარალელურად, მხატვარ სოფო ბერძენიშვილის დახმარებით სამკითხველოს მონაწილეებმა ზღაპრის პერსონაჟები დახატეს. ღონისძიებას 1200-მდე სტუმარი დაესწრო.

ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების (EUNIC) გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ენების ევროპული დღე", ქ. ათენში საქართველოს საელჩომ ქართული ენისა და ანბანის საპრეზენტაციო სტენდი მოაწყო. ღონისძიებაზე ათენის ქართული კულტურის ცენტრ „კავკასიასთან" არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა „წმინდა ნინო" შეასრულა ქართული სიმღერები. საელჩომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა ღონისძიების პარალელურად მიმდინარე ვიქტორინაში გამარჯვებულებს.

პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ქ. ლისაბონის გალვეიაშის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, საქართველოს საელჩომ პოლონეთში ქართული ენა წარმოადგინა ევროპული ენების სტენდზე.

ავსტრიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებში, რომელიც  მსოფლიოს მრავალ ენაზე ნათარგმნ საბავშვო ლიტერატურას მიეძღვნა. საღამოზე საელჩოებისა და კულტურის ინსტიტუტების წარმომადგნელებმა მოკლედ მიმოიხილეს მშობლიური ენის ისტორია და მშობლიურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან ''პეპი მაღალი წინდა''. 

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ბულგარეთში ასევე ჩაერთო  ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელზეც ქართული ენა წარდგენილ იქნა 
სხვადასხვა სახის პუბლიკაციების, დისკებისა და ვიდეორგოლის საშუალებით. 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ