საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალიამ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ისაუბრა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარსული წარმოადგენს მტკიცე საფუძველს ურთიერთობების შემდგომი განვითარების და გაძლიერებისათვის. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება, რათა ერთად შევძლოთ ახალი გამოწვევების დაძლევა და  შესაძლებლობების გამოყენება.” - აღნიშნა დარსალიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა დარგებში აქტიურად ვითარდება. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებულ ნდობაზე, მეგობრობაზე და მნიშვნელოვან დღის წესრიგზე მეტყველებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა არის საყრდენი არა მხოლოდ ორმხრივი კავშირების გაღრმავებისათვის, არამედ მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის.“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას.

ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო გამოხატავს მზადყოფნას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცების საქმეში.