საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორმხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის  მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. 

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოს მიერ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კარა მაკდონალდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

მხარეებმა შეხვედრისას, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის მძიმე გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული  მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს.