საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

2022 წლის 28-29 ივნისს მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია.

ეუთო-ს სივრცეში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისადმი მიძღვნილ სპეციალურ სესიაზე ლაშა დარსალიამ 28 ივნისს ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესია, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართალი, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების კრიზისს ქმნის, რომელიც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან დაწვრილებით ისაუბრა ამ აგრესიის კატასტროფულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ძლიერ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მის ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლაშა დარსალიამ მოუწოდა რუსეთს, რომ შეწყვიტოს  სასტიკი აგრესია და გაიყვანოს თავისი ძალები და შეიარაღება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. 

გამოსვლაში ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ სწორედ საქართველო გახდა პირველად რუსეთის აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს და დღემდე, 14 წლის თავზე, ქვეყანა განიცდის რუსეთის მიერ საქართველოს 2 განუყოფელი რეგიონის ოკუპაციის შედეგებს. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აღიარებულ იქნა კონფლიქტის მხარედ, საქართველოს განუყოფელ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად და ადგილზე ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევებზე პასუხისმგებლად. 
 
ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ყველაფერს აკეთებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად. აქვე ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც ერთადერთ ფორმატს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესასრულებლად. 

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და, ამ მხრივ, ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან, ეუთო-ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რასა ოსტრაუსკაიტესთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, კრისტოფერ რობინსონთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა რეგიონში რუსეთის აგრესიით შექმნილი სიტუაცია, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია.