საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატავს - ვლადიმერ კონსტანტინიდი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ.

უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი - კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას 2022  წლის 21 ივლისს ეწვივნენ. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი დახვდნენ.

„ნიშანდობლივია, რომ სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს და აორგანიზებს აღნიშნულ ღონისძიებას, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და გამოხატულებაა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატავს, როგორც პოლიტიკური ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილი თქმით, აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მისცემს უკრაინელ ბავშვებს გაეცნონ აჭარის რეგიონს და მოახდინონ იმ ემოციებთან გამკლავება, რაც საომარ მდგომარეობას უკავშირდება.

ქ.კიევის ვიცე-მერის, მარინა ხონდას შეფასებით, საქართველოს მთავრობის  ყოვლისმომცველი დახმარება სწორედ იმის დასტურია, რომ ორივე ქვეყანას ძალიან კარგად აქვს გააზრებული თუ ვის ებრძვის და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების მომავალი. „ამიტომაც, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და სრულიად საქართველოს მიმართ.“ - განაცხადა ქ.კიევის ვიცე-მერმა მარინა ხონდამ.

„მადლიერები ვართ თქვენი ქვეყნის, ქართული მხარის, ჩვენი პატარების დასასვენებლად დაპატიჟებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ამჟამად ომი მიმდინარეობს და ჩვენი ბავშვები ზარალდებიან ბომბებისგან, სირენების ხმით. უღრმესი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის.“ - აცხადებს უკრაინის მოქალაქე ანა შვიდენკო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით და უკრაინაში საქართველო საელჩოსა და ქ.კიევის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება. ჯგუფის საქართველოში მგზავრობას და დასვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.