საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოს მხრიდან უშუალოდ კოალიციის საქმიანობაში ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ტერორიზმსა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედებებზე ტერორიზმის საფრთხეების პრევენციის მიმართულებით, მათ შორის სახელმწიფოს მიერ 2022-2026 წწ კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომელიც მრავალმხრივი ჩართულობით იქნა შემუშავებული; ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ეფექტიან საქმიანობაზე.
 
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო.
 
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორებთან კოორდინაციით მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.