Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ჩემთვის დიდი პატივია, როგორც სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის, თქვენთვის სიტყვით მომართვა. ჩვენ ორ მოძმე ერს მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია აკავშირებს. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა სამაგალითოა.

ქართველებსა და სომხებს შორის კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უპრეცედენტო მაგალითია მსოფლიო ისტორიაში. არაერთმა გამოჩენილმა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული საქართველოს მიმართ. მათ შორისაა ნაღაშ ჰოვნათანი, საიათნოვა, შამჩი მელკო, ხაჩატურ აბოვიანი, ავეტიკ ისააკიანი, გაბრიელ სუნდუკიანი, და რა თქმა უნდა, ჰოვანეს თუმანიანი. ანალოგიურად, სომხეთი ქართული ლიტერატურის ბევრი კლასიკოსის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.

სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მასშტაბები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს გამოიხატება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, ენერგეტიკაში, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. 2023 წლის 1 ივლისიდან, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთონ, მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით. საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმი კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ქართველებსა და სომხებს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსივობამ ყველა დონეზე განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. როგორც შედეგი, გაძლიერდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ახალ საფეხურზე გადავიდა, რისი დადასტურებაცაა მაღალი დონის დიალოგის დაწყება სტრატეგიულ საკითხებზე. ეს პლატფორმა წარმოადგენს ჩვენს სურვილს გავაღრმაოთ პარტნიორობა და ერთად შევხვდეთ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რაც გველის მომავალში.

ამჟამად, ჩვენი რეგიონი იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების მომავლისთვის. როგორც მეზობლები და მოკავშირეები, საქართველო და სომხეთი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში. ჩვენი ძალისხმევა მშვიდობის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ერებისთვის, არამედ არის რეგიონული თანამშრომლობის წარჩინებული მაგალითი.

ამავდროულად, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები. სიამაყით ვაცხადებ, რომ სავაჭრო ურთიერთობებმა მიაღწია უპრეცედენტო დონეს, რაც დასტურდება ბოლო წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებით. ამგვარი ზრდა საქართველოსა და სომხეთს შორის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალზე მიანიშნებს, რასაც გამოყენება სჭირდება. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მეტად განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთკავშირები, რათა ეს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე აისახოს. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ზრდა პრიორიტეტია და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

მოგიწოდებთ, ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა ისტორიული მეგობრობის შენებაში, მივაღწიოთ საერთო კეთილდღეობასა და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი მომავალი. როგორც საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, მზად ვარ ჩემი ძალისხმევა მივუძღვნა ამ კეთილშობილურ საქმეს და ველი ნაყოფიერ მოღვაწეობას.

 

გაუმარჯოს საქართველოსა და სომხეთის მარადიულ ძმობას!