საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო   და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიულოცა ელჩს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა და დიპლომატიური მისიის ნაყოფიერად წარმართვა უსურვა.

„ჩვენ მოხარული ვართ თქვენი დანიშვნით. ჩემთვის, სომხურ-ქართული ურთიერთობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ვფიქრობ, ჩვენ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაგრძელება და განვითარება ორი ქვეყნის თითოეული ოფიციალური პირისათვის უდიდეს პატივს წარმოადგენს.

ორი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებების  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი კეთდება ეკონომიკური,  პოლიტიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ურთიერთობები მსოფლიოს მრავალი ხალხისათვის სამაგალითო იქნება. ძალიან მცირე ოდენობის ქვეყანას თუ აქვს ასეთი მრავალსაუკუნოვანი კავშირი. ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და მთელი ამ ისტორიის მანძილზე, არასოდეს გვქონია ომი, ან რაიმე სახის კონფლიქტი. 

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ წარმატებით გააგრძელებთ ამ ტრადიციებს და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას.“ - განაცხადა პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.

სამადლობელ სიტყვაში, ახლად დანიშნულმა ელჩმა განაცხადა: „ბ-ნო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ კეთილი სურვილებისა და ასეთი თბილი მიღებისათვის. ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად განსაკუთრებულია და ხალხთა შორის მეგობრულად თანაცხოვრების ასეთი ისტორია ნამდვილად იმსახურებს ხაზგასმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ტრადიციები უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს და გეთანხმებით, საჭიროა ჩვენი ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მინიჭება.

ჩემი მისიის ფარგლებში, მე, ნამდვილად, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო რიგი მიმართულებების განსავითარებლად, წვლილი შევიტანო ახალ თაობებს შორის დიალოგის გააქტიურების საქმეში და კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.“

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მრავალ-დონიანი თანამშრომლობა და სომხეთისა და საქართველოს ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების განვითარების მიმართულებები. 

მათ ასევე მიმოიხილეს რეგიონული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურად მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.