მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიმართა ერევანში
2024 წლის 11-12 აპრილს, ქ. ერევანში, გაიმართა მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრებმა.
სამართლებრივი ფორუმი საუკეთესო პლატფორმაა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისათვის.
ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი შარვაშიძე.