2023 წლის 1-2 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეწვია სომხეთის რესპუბლიკას
2023 წლის 1-2 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეწვია სომხეთის რესპუბლიკას და მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში თემაზე: „პროკურატურის, როგორც კანონის უზენაესობის გარანტის დამოუკიდებლობა“, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის დაარსების 105 წლის იუბილესთან და პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არმან დილანიანი, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გოგაძემ კონფერენციის თემატური პანელური დისკუსიების ფარგლებში მოხსენებები წარადგინეს თემაზე: “გარე და შიდა საპროკურორო დამოუკიდებლობა - მექანიზმები და გამოწვევები”.
კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში გაიმართა.