გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკას
მიმდინარე წლის 25-27 მარტს, გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის გახსნამდე, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ერევნის უნივერსიტეტის რექტორ ჰოვანეს ჰოვანესიანთან, რომელთანაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა, ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ეწვია, სადაც ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო და სომხურ ხელნაწერთა გამოფენა დაათვალიერა.
მატენადარანი წარმოადგენს უძველესი სომხური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს, სადაც 23 000-მდე ხელნაწერია დაცული. მათ შორის, X-XX საუკუნეებით დათარიღებული 45-ზე მეტი ქართული ხელნაწერი, 55-ზე მეტი ფრაგმენტი და პალიმფსესტი ინახება.
აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სომხეთის ხელნაწერთა კვლევით ცენტრ „მატენადარანს‘‘ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელზეც ქართველი და სომეხი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ.
ამასთან, გიორგი ამილახვარი, ერევანში ტექნოლოგიების ცენტრს “TUMO” ეწვია, სადაც ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნო და ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სომხეთის ტექნოლოგიების ცენტრი “TUMO” სკოლის მოსწავლეებსა და 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ ლაბორატორიულ სწავლებას, STEAM-ის მიმართულებით. დღეისათვის ცენტრში 25 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდა სწავლობს.