„საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა „ამერიაბანკი“ შეისყიდა
„საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, „ამერიაბანკის“ აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ტრანზაქციის მოცულობამ 303,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასავლელია რეგულატორული პროცედურები, რის შემდეგ შეთანხმება საბოლოოდ დადასტურდება. „ამერიაბანკი“ ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.
ტრანზაქცია „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. თავის მხრივ, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის ექსპერტიზა „ამერიაბანკის“ მენეჯმენტს დაეხმარება ბანკის განვითარებაში.
„ამერიაბანკი“ მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია და ნომერ პირველი ბანკია მომხმარებლებს შორის ნდობითა და ცნობადობით სომხეთში. „ამერიაბანკს“ აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.