მიგრანტთა დაბრუნების სარეინტეგრაციო პროგრამა
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.
საშემოსავლო პროექტებზე განაცხადების მიღების გარკვეული ვადები წინასწარ ცხადდება. პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებით, ერთჯერადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების ადმინისტრირების სამმართველოს – 0322140242.
სარჩევი
0. შესავალი
1. პროგრამის დასაბუთება
2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
3. პროგრამის მიზანი
4. პროგრამის შედეგი
5. პროგრამის აღწერა
6. პროგრამაში მონაწილეობა
7. პროგრამის გავრცელების არეალი
8. პროგრამის ხანგრძლივობა
9. პროგრამის ბიუჯეტი
10. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
11. დანართები
შესავალი
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა (შემდგომში - დაბრუნებულ მიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის და სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხი აქტუალური გახდა 2011 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“1 შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.
საქართველოს, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა განესაზღვრა ვალდებულებად ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიც იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმება.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის N810 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის“ (შემდგომში „მიგრაციის სტრატეგია“) ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ასევე გათვალისწინებულია მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით (შემდგომში „სამოქმედო გეგმა“). 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს მათი წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროცესს
თვითდასაქმების პერსპექტივის შექმნით და საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესების გზით.
სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა წარმატებული, მდგრადი და გრძელვადიანი რეინტეგრაციის მიზნით, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ახორციელებს „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ (შემდგომში - პროგრამა).
1. პროგრამის დასაბუთება
ევროკავშირის / შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული შრომითი მიგრაცია და თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ხშირად კანონიერი საფუძვლის გარეშე რჩება და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული გამოწვევების წინაშე დგება. ადაპტაციის სირთულე და რეინტეგრაციის პრობლემა, უბიძგებთ ხელახალი ემიგრაციისკენ.
ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო ქართველი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების და საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობის ღონისძიებებმა. გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის, ასევე მათი ნებაყოფლობით დაბრუნების მაჩვენებელიც. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
დაბრუნებული მიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, რომლებიც სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ მიდგომასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. სწორედ დაბრუნების ხელშეწყობისა და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ემსახურება ეს პროგრამა, რაც გულისხმობს დაბრუნებულ მიგრანტთა ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის სოციალური პროექტების დაფინანსებას საარსებო წყაროების გაჩენის მიზნით, თვითდასაქმების ხელშეწყობას სახელობო იარაღების შესყიდვის გზით და პროფესიული გადამზადებით, სამედიცინო დახმარებას და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
მიგრანტებს, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში“. პროგრამის ფარგლებში მოხდება ინდივიდუალური მიდგომით მათი თვითდასაქმების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საარსებო წყაროს გაჩენის პერსპექტივა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრად და გრძელვადიან რეინტეგრაციას და შეამცირებს არალეგალურ ემიგრაციაში მათი განმეორებითი გამგზავრების რისკს.
2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით), რომლებიც:
• საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ უწყვეტად ერთ წელზე მეტი ვადით: ან არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
• სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის მიზნით.
დამატებითი პირობები:
• დაბრუნებულ მიგრანტს პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, პროგრამის ფარგლებში სარეინტეგრაციო სერვის(ებ)ით სარგებლობის საჭიროების დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს პროგრამაში რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში. სოციალური ინიციატივების დაფინანსების ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირების მისაღებად რეგისტრაცია გავლილმა დაბრუნებულმა მიგრანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადი
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პერიოდში, რომელიც გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე (www.idp.moh.gov.ge).
• გამონაკლის შემთხვევებში, , სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილ რეინტეგრაციის პროგრამის ადმინისტრირების კომისიას (შემდგომში - კომისია) უფლება აქვს შეცვალოს პროგრამაში მონაწილეობის ვადები და/ან შეიტანოს სხვა დამატებითი ცვლილებები.
• საზღვარგარეთ ყოფნის 1 წლიანი უწყვეტი ვადა არ ვრცელდება იმ დაბრუნებულ მიგრანტებზე, რომლებიც დეპორტირებულები იქნენ და დაბრუნებისთანავე ითხოვენ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომპონენტით სარგებლობას.
3. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მხარდასაჭერად ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც დაეხმარება მათ სამედიცინო-ფსიქოლოგიური, დასაქმებისა და თვითდასაქმების პრობლემების დაძლევაში, ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას და შეამცირებს საზღვარგარეთ არალეგალურად მათი განმეორებით წასვლის ალბათობას.
4. პროგრამის შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეინტეგრაციის პროგრამის შესაბამისად, მოხდება წლიურად დაახლოებით 300 დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სარეინტეგრაციო სერვისების შეთავაზების გზით.
5. პროგრამის აღწერა
პროგრამის ბიუჯეტის გათვალისწინებით, დაბრუნებული მიგრანტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან პროგრამის ბენეფიციარად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მიიღებენ სარეინტეგრაციო დახმარების სერვისებს შემდეგი მიმართულებებით:
5.1 სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის:
• ინფორმაციის მიწოდება მოქმედი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესახებ და აღნიშნულ პროგრამებში მათ ჩასართავად დახმარების გაწევა;
• მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
• ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
ერთი ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხა უნდა იყოს არანაკლებ 50 ლარისა და ჯამში არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა. ასევე, მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს. იმ მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც ბენეფიციარს ესაჭიროება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მოხდება კვარტალურად, დაბრუნებული მიგრანტის რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში.
სამედიცინო დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი რეინტეგრაციის პროგრამის სამედიცინო დახმარების ადმინისტრირების კომისია, რომლის წევრებად მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. კომისიის სხდომა შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად.
სამედიცინო დაფინანსების მისაღებად საჭიროა სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა №IV100/ა, ინვოისი და/ან სხვა) წარმოდგენა.
5.2 დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაბრუნებისთანავე (დაბრუნებიდან 15 დღის განმავლობაში), გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.
გამონაკლის შემთხვევებში, დამატებითი დახმარება შეიძლება გაეწიოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს. ასეთ შემთხვევებს განიხილავს კომისია დისტანციურად.
5.3 პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა;
• პროფესიული სწავლების დაფინანსება.
პროფესიული სწავლების დაფინანსება მოხდება მხოლოდ იმ პირობების არსებობის შემთხვევებში, რომლებიც არ აძლევს საშუალებას ბენეფიციარს ისარგებლოს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“, და/ან იმ გარემოების გამო, რომ ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, უმჯობესია ამ პროგრამის მიღმა ისარგებლოს პროფესიული სწავლების შესაძლებლობით, მათ შორის შესაძლოა დაფინანსდეს არააკრედიტებული მოკლევადიანი სასწავლო კურსიც, თუ სასწავლებელს გააჩნია ავტორიზაცია, მოთხოვნილი პროფესიის განსახორციელებლად არ არის სავალდებულო აკრედიტებული კურსის გავლა, პროფესია მოთხოვნადია და კურსის გავლის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება
განმცხადებლის დასაქმების შესაძლებლობა. პროფესიული სწავლების დაფინანსებისა და დაფინანსების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი
რეინტეგრაციის პროგრამის პროფესიული სწავლების ხელშეწყობის ადმინისტრირების კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მოწვეული იქნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი. კომისიის სხდომა შესაძლოა გაიმართოს დისტანციურ რეჟიმში, განაცხადებს კომისია აფასებს შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი N7 პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა - განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“).
ერთი ბენეფიციარის პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 (ათას ხუთასი) ლარს, ამასთანავე ერთი კურსისთვის განკუთვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს, ხოლო კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
5.4 სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება
ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მოხდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტების (შემდგომში „პროექტი“) დაფინანსება.
პროექტების დაფინანსება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური (ერთი ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი) სახით, ასევე არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაში ბენეფიციარის
ჩართვის/დასაქმების ფორმით. რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებით პროექტების დაფინანსება არ ხდება. ხმათა უმრავლესობით კომისია უფლებამოსილია დაფინანსების თანხა შეუმციროს ბენეფიციარს, როდესაც ის უკვე დასაქმებულია და/ან აქვს შემოსავალი, ასევე თუ ბენეფიციარს ან მის ოჯახის წევრს აქვს მიღებული რეინტეგრაციის მიზნით რაიმე სახის საშემოსავლო პროექტის დაფინანსების გრანტი ან კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ოჯახის წევრის პროექტის დაფინანსების შესახებ. ასევე, კომისია უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მიერ პროექტით მოთხოვნილი იმ ნივთების შეძენის დაფინანსების განაცხადი, რომელთა აუცილებელი საჭიროება ვერ დადგინდება. კომისია ასევე უფლებამოსილია შესთავაზოს განმცხადებელს რამდენიმე ნივთს შორის არჩევანის გაკეთება, როდესაც მოთხოვნილი ნივთების ჯამური თანხა ცდება დაფინანსების ლიმიტს. კომისიამ შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს და შესთავაზოს ნივთის შეცვლა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ნივთის შეძენა ვერ მოხდება შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად.
ერთ ბენეფიციარს პროექტი დაუფინანსდება 6000 ლარის ფარგლებში და მხარდაჭერა შესაძლებელია, როგორც დამწყები, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მიზნით. თუ პროგრამის სხვა მიმართულებით განმცხადებელს უკვე მიღებული აქვს დახმარება, შესაბამისად შემცირდება პროექტის დაფინანსების მოცულობა.
პროგრამის ფარგლებში მოხდება არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ტექნიკადანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვის დაფინანსება. ერთ განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს არაუმეტეს 6 ნივთი, რის შესახებ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 1 ინვოისი. ინვოისით გათვალისწინებული ნივთის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 200 ლარი და მაქსიმუმი 1000 ლარის ფარგლებში. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი და იმავე ნივთის ერთზე მეტი რაოდენობით მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროება დასაბუთებულია საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. დასაშვებია ისეთი ნივთის მოთხოვნა, რომლის ერთეულის ღირებულება აჭარბებს 1000 ლარს. ასეთი ნივთის შესყიდვის საკითხი წყდება კომისიური წესით განმცხადებლისთვის ამ ნივთის საჭიროებისა და შესყიდვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ნივთების შესყიდვა მოხდება სახელმწიფო შესყიდვის კანონის, ვაუჩერისა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე.
სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფინანსებს გამარჯვებული ბენეფიციარების მიერ განაცხადით (დანართი N2 სოციალურ-ეკონომიკური პროექტის გეგმა) მოთხოვნილი ნივთების შესყიდვას. შესაძლებელია თითოეულ ბენეფიციარისთვის შესყიდულმა ნივთების ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბოს განსაზღვრული თანხის ზღვრებს, თუმცა, აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს პროგრამის ჯამურ ბიუჯეტზე.
პროგრამის ფარგლებში, შესაძენად მოთხოვნილი ნივთი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსაქართველოს მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებით:
ა. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები;
ბ. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები.
5.5 ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა
გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ისეთი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა დოკუმენტაციის აღდგენა, ბინის ქირა, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა და სხვა, ფინანსური სირთულეების დაძლევის მიზნით მოხდება ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ოჯახზე არაუმეტეს 300 ლარისა. პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მოხდება დეპორტირებული/რეადმისირებული ბენეფიციარების (ოჯახების) დაფინანსება, რომლებიც სააგენტოში წარმოადგენენ განაცხადს (დანართი #8) აღნიშნული კომპონენტით სარგებლობაზე დაბრუნებიდან არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში. ბენეფიციარის დაბრუნების ფორმა გადამოწმდება შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. პროგრამის ფარგლებში ასევე, მოხდება ისეთი ოჯახების დაფინანსება, რომელთა არასრულწლოვანი წევრი იმყოფებოდა ემიგრაციაში (მიუხედავადა დაბრუნების ფორმისა), აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს (საზღვარგარეთ ყოფნის ვადისა და სტატუსის გათვალისწინებით) და ოჯახის წევრ(ებ)ის დაბეგრილი ყოველთვიური შემოსავალი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ არსებულ პერიოდში არ აღემატება 1000 ლარს. შემოსავლის დაანგარიშება მოხდება ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული მთლიანი შემოსავლის პროპორციული გადანაწილებით არსებულ თვეებზე. შემოსავალში არ ჩაითვლება კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური გასაცემელი.
დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ადმინისტრირების კომისია. დაფინანსების მისაღებად საჭიროა სააგენტოს დირექტორის სახელზე განცხადების წერილობითი ფორმით წარმოდგენა, რომლისთვისაც შემუშავებულია განცხადების ფორმა (დანართი N8). განცხადებას თან უნდა ერთოდეს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში მისი/მათი დაბადების მოწმობა, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. სააგენტოს ინტეგრაციარეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის მიერ შესაძლოა დამატებით იქნას მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, ასეთის
საჭიროების შემთხვევაში.
5.6 დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება
დაბრუნებული მიგრანტი არასრულწლოვანი ბენეფიციარების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოხდება სპორტული და შემოქმედებითი კურსების დაფინანსება ერთი წლის მანძილზე 1500 ლარის ფარგლებში. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ადმინისტრირების კომისია პროგრამისთვის ამ კომპონენტზე განსაზღვრული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. დაფინანსების მისაღებად საჭიროა ინვოისის, მომსახურების საფასურის ან/და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის წარმოდგენა შესაბამისი კურსის დასახელებით, ასევე მშობლის (ერთერთი (კანონიერი წარმომადგენლის)) განცხადება. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ან კურსის დასრულებისთანავე სააგენტოსთვის შესაბამის კურსზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შემდეგ. არასრულწლოვანი დაბრუნებული მიგრანტების რეგისტრაციისათვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის (დანართი N4) შევსება დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსების კომპონენტზე განაცხადების მიღების დაწყება წინასწარ გამოცხადდება სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულიასამართლებრივი აქტის საფუძველზე.
6. პროგრამაში მონაწილეობა
პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დაბრუნებულმა მიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეგისტრაციის ფორმა (დანართი N1), არასრულწლოვანის მშობელმა (ერთ-ერთმა (კანონიერმა წარმომადგენელმა)) - კი არასრულწლოვანი დაბრუნებული მიგრანტისთვის შემუშავებული რეგისტრაციის ფორმა (დანართი N4) და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში.
განაცხადს თან უნდა ერთოდეს განმცხადებლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
სოციალური ინიციატივის დაფინანსების ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს დამატებით „განაცხადის ფორმა - სოციალურ ეკონომიკური პროექტის გეგმა“ დანართი N2
განაცხადების წარმოდგენის, შემოწმების, განხილვის, შეფასების კრიტერიუმებისა და გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი N3-ში.
სამედიცინო დახმარების და/ან მედიკამენტების დაფინანსების მისაღებად რეგისტრაციის ფორმის (დანართი N1) გარდა საჭიროა სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა №IV-100/ა, ინვოისი და/ან სხვა) წარმოდგენა.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარს შეუძლია პროგრამის სხვადასხვა კომპონენტით სარგებლობა. ასეთ შემთხვევაში ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს თითოეულ ბენეფიციარზე (სოციალური ინიციატივების დაფინანსების ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირების განაცხადით მოთხოვნილი ნივთების შეძენის შედეგად, შესაძლებელია თითოეულ ბენეფიციარისთვის შეძენილმა ნივთების ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბოს განსაზღვრული თანხის ზღვრებს, თუმცა, აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს პროგრამის ჯამურ ბიუჯეტზე).
პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისებით სარგებლობის შესახებ დაბრუნებული მიგრანტების განაცხადები განიხილება კომისიის მიერ (გარდა დროებითი საცხოვრებლით 6 დღე-ღამით უზრუნველყოფის შემთხვევისა). კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუმეტეს 1 თვის ვადაში, სააგენტოს დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება წერილობით. სოციალური ინიციატივების დაფინანსების ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირების კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება ვებგვერდზე (www.idp.moh.gov.ge), რაც ავტომატურად მიიჩნევა გამარჯვებულთათვის გამარჯვების შესახებ შეტყობინებად.
საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კომისიის სხდომები ჩატარდეს დისტანციურად და კომისიის წევრებმა პოზიცია დააფიქსირონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნებულ მიგრანტს შეიძლება განესაზღვროს ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ოდენობით და მოეთხოვოს მას განაცხადში ან/და რეგისტრაციის ფორმაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, სავალდებულო ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და/ან ინფორმაციის დაზუსტება. ამავდროულად, მოთხოვნილი დოკუმენტაცია პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პროგრამის მიზნების განხორციელებასთან. განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, რა მიზნით ხდება დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულის თაობაზე, სააგენტოსა და განმცხადებელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო და ელექტრონული შეტყობინებით.
სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის / რეგისტრაციის ფორმის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ დაბრუნებული მიგრანტი არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი და/ან არ დააზუსტა და/ან არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
7. პროგრამის გავრცელების არეალი
პროგრამა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
8. პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად.
9. პროგრამის ბიუჯეტი
დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნებებიდან.
10. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ განხორციელდება როგორც პირველადი, ისე შემდგომი მონიტორინგი. პირველადი მონიტორინგის მიზანია, დადგინდეს მოთხოვნილი საჭიროებების რელევანტურობა. დაფინანსების შემდგომი მონიტორინგის მიზანია, შემოწმდეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარების მიზნობრივად გამოყენების ფაქტი და შეფასდეს გაუმჯობესებული საარსებო მდგომარეობა. პირველადი მონიტორინგის ფორმა მოცემულია დანართი N5 სახით.
პროგრამის შეფასება განხორციელდება ბენეფიციარებისთვის დახმარების გაწევიდან 2 წლის განმავლობაში. პროგრამის შეფასების მიზნით შემუშავებულია სპეციალური კითხვარი დანართი N6 სახით.
დანართები:
დანართი №1 - რეგისტრაციის ფორმა
დანართი №3 - განაცხადის ადმინისტრირების პირობები და შეფასების კრიტერიუმები
დანართი №4 - სარეგისტრაციო ფორმა (არასრულწლოვანის)
დანართი №8 - განცხადების ფორმა ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
სატელეფონო ნომერი: 1505
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო
ვებ-გვერდი: https://idp.gov.ge/
საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტივობები:
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება:
უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.
აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
- სოციალური პროექტების დაფინანსება
- დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
- პროფესიული სწავლება
- ანაზღაურებადი სტაჟირება
- სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
- იურიდიული დახმარება
- საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება
აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:
- საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
- რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.
სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:
- ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
- ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
- ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
- ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
- ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
- ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
აღსანიშნავია, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ქართული ენის დისტანციური სწავლება“, რომელიც ხელს უწყობს ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით. პროგრამის მიზანია ახალი მასწავლებლების შერჩევა დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, დისტანციურ სწავლებაში ჩართული საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დისტანციურ სწავლებაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული განვითარება, დისტანციური გაკვეთილებისთვის სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი მეთოდური და თემატური სასწავლო მასალების მომზადება. ბენეფიციარები არიან საქართველოდან ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილები, რომელთათვის ქართული წარმოადგენს მშობლიურ ენას, მაგრამ ენობრივი კომპეტენციები უკიდურესად დაბალია.
საყურადღებოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული განათლება საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით. პროფესიული განათლების სრული დაფინანსება სახელმწიფოს მიერ იძლევა დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობას. აქვე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (იგულისხმება ეთნიკურად ქართველი, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა), რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს უცხო ქვეყანაში, ან მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში, ასევე, მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და სხვ. ყველა მოქალაქეს შეეძლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტების შესახებ იხ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორ ვებ-გვერდზე: https://www.moh.gov.ge/ka/529. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროგრამებით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მოიცავს შემდეგ სახელმწიფო პროგრამებს: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; იმუნიზაცია; ეპიდზედამხედველობა; უსაფრთხო სისხლი; პროფესიულ დაავადებათა პრევენცია; ინფექციური დაავადებების მართვა; ტუბერკულოზის მართვა; აივ ინფექციის/შიდსის მართვა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა; ჯანმრთელობის ხელშეწყობა; C ჰეპატიტის მართვა.
ინფორმაცია განთავსებულია აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების ვებ-გვერდებზე:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - moh.gov.ge
აწარმოე საქართველოში - http://enterprisegeorgia.gov.ge
საქართველოს ეროვნული არქივი - https://archive.gov.ge/
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - https://mrdi.gov.ge/
http://georoad.ge