საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
2024 წლის 4-7 მარტს, საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, არგიშტი კიარამიანმა უმასპინძლა.
სომხეთის რესპუბლიკაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან ერთად, პირველი მოადგილე, გიორგი კვარაცხელია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ დარჩაშვილი და გენერალური ინსპექციის უფროსი, გიორგი ნოზაძე იმყოფებოდნენ.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს. კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებზე და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა ხელი ქალაქ ერევანში მოაწერეს.
შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.