Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკას

2024 წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკას, სადაც მას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში იყვნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.

ამასთან, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.